სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

 ბრალდებულმა 2016 წლის 5 დეკემბერს საბაჟო-გამშვები პუნქტი “წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ TOYOTA PRADO-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები. საქართველოში კონტრაბანდული გზით უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.