სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევები მსოფლიოს 18-მა წამყვანმა ინსტიტუციამ და პოლიტიკური თანამდებობის პირმა მიიღო

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი.  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევის საქმეებზე მომზადებული სამი ცნობილი კვლევა მსოფლიოს 18 წამყვან ინსტიტუციას და პოლიტიკური თანამდებობის პირს უკვე მიეწოდა: გაეროს გენერალურ მდივან ბენ კი მუნს, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის, აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს, ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივან ჯეფი მიკელსენს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროსასამართლოს პრეზიდენტ გუიდო რაიმონდის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ კრისტიან ლაგარდს, ფონდ „ღია საზოგადოების“ პრეზიდენტ ჯორჯ სოროსს, USAID-ს, Amnesty International-ს, Human Rights Watch-ს, UNDP-სა და IBRD-ს.

 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებსა და თანამდებობის პირებს სახელმწიფოს სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და  2007-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონების, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევისა და სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეები მიაწოდეს.

 „ჩვენ გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს მნიშვნელოვან დროს დაუთმობთ წარმოდგენილი კვლევების გაცნობას, რომელიც ნამდვილად ბევრ უცნობ ფაქტებს მოგაწვდით და ღიად დაგანახვებთ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რა სისტემურ დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი 2003-2012 წლების მმართველობის დროს“,  – ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აწერს.