აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს მაიკლ კარპენტერს შეხვდა

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალი პროგრამის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელებასაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2017 წლის დასაწყისში შეუდგება.

 „მაიკლ კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

 გიორგი მარგველაშვილმა მაიკლ კარპენტერს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.

 ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს.