აქტუალური
დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ გამორიცხავს

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარტიიდან წასვლის შესაძლებლობას დარჩიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“  პარტიის თავმჯდომარესთან და ყრილობასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირებს.

 „თუ მაინც მოვედი პარტიის ყრილობაზე, ეს პარტიული მეგობრების სურვილით მოხდება, თუ მეტყვიან, რომ აზრი უნდა გამოვხატო. მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა, თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო). და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები - რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე ალბათ გავალ უკვე პარტიიდანაც. ალბათ თქო, იმიტომ ვამბობ, რომ ვის შეხედულებებსაც პარტიის ტაქტიკაზე დღეს ვიზიარებ, არ მინდა მივატოვო უმცირესობაში. თუმცა, არა მგონია, განსხვავებული აზრის ატანა მოხდეს ყრილობის შემდგომ ენმ-ში და ალბათ ყველას გასვლა აჯობებს, ვინც ყრილობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება. ეს არის და ეს. ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, "დამიპადიეზდოთ“,-წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.