პოლიტიკა
იან კელი: გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

 ”ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.  აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართ. მოგეხსენებათ, ხელი მოეწერა თანამშრომლობის  მემორანდუმს თავდაცვის სფეროში,  როდესაც საქართველოში ჯონ ქერი იყო ჩამოსული (შავი ზღვის უსაფრთხოების რეგიონის სისტემაში საქართველოს ჩართვის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა – საქინფორმი). მომავალში ველოდებით რამდენიმე დელეგაციას, შევხვდებით თავდაცვის მინისტრს, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილავთ თანამშრომლობის თემას. მათგან უნდა მოდიოდეს ის კონკრეტული საკითხები, თუ რაზე გვსურს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, უმეტესწილად ეს შეეხება ჯარის მომზადების გაზრდას”, - განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.