საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 40 პირია დაბარებული. ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
აუდიტის სამსახურს სხვადასხვა პარტიის შემომწირველი პირების თანხების წარმომავლობის კანონიერებაზე კითხვები აქვს.
პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 29 მილიონ 212 ათას 382 ლარი შეადგინა. წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა კი 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ყველაზე მეტი შემოწირულობა - 19 მილიონ ლარზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, შემდეგ მოდის "სახელმწიფო ხალხისთვის" - 4 მილიონ 278 541 ათასი ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მილიონ 63 ათასი, ხოლო "პატრიოტთა ალიანსმა" მილიონ 19 ათასი ლარი მიიღეს.
აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა 1016 ფიზიკური და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერება. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის "ოცნების" შემომწირველი - 35, "ნაციონალური მოძრაობის" - 12, "სახელმწიფო ხალხისთვის" - 42 და "პატრიოტთა ალიანსის" 18 შემომწირველი. 40 პირი კი გამოკითხვაზეა დაბარებული.