საზოგადოება
ხაჩიძე ბავშვებს კაკალს უგორებს

walnutsგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს თბილისის მიუსაფარ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების დირექტორებს შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრის, ჩვილ ბავშვთა სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სახლ "სათნოების", "მომავლის სახლის", "ბავშვთა სოფლის", N1 ბავშვთა სახლის, მოხუცებულთა სახლის, დიღმის, კოჯრისა და წყნეთის ბავშვთა სახლების ხელმძღვანელები.

გარემოს დაცვის სამინისტრომ მოხუცთა და თბილისის ცხრა ბავშვთა სახლების ბინადართ სპეციალური საჩუქარიც მოუმზადა. თავშესაფრებში მცხოვრებ რამდენიმე ასეულ მცირეწლოვანს ერთი ტონა კაკალი საჩუქრად გადაეცემა. გარემოს დაცვის სამინისტრო მიუსაფარ სახლებში საჩუქრის ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს.

საახალწლოდ და წინა პერიოდშიც ასობით გარემოვაჭრე აყარეს ქუჩებიდან და ის პროდუქციაც წაართვეს, რომელსაც ისინი ყიდდნენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, კაკალიც , რომელიც გლეხებს წინასაახალწლოდ ჰქონდათ ჩამოტანილი ლუკმაპურის საშოვნელად. იმედია, მიუსაფარ ბავშვებს გამწარებული ხალხის ხარჯზე არ ჩაატკბარუნებინებენ პირს, ხოლო კითხვაზე "კაკალი რატომ საახალწლოდ არ გადასცეს ბავშვებს, რომ ახალი წელი რიგიანად აღენიშნათ?" – გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ვერ გვიპასუხეს, რადგან ეს ინიციატივა მინისტრის გადაწყვეტილებაა და თანამშრომლები ამის შესახებ ინფორმირებული არ არიან.