უცხოეთი
თურქეთის პარლამენტმა "თურქული ნაკადის" მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Haber Turk-ი ავრცელებს. კანონპროექტს სხდომაზე მყოფი 223 დეპუტატიდან 210-მა დაუჭირა მხარი, შვიდმა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ექვსმა კი თავი შეიკავა.

 29 ნოემბერს შეთახმება თურქეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა.

 6 დეკმებერს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მოსკოვში ჩავა, რა დროსაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხს განიხილავს. ბინალი ილდირიმი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს შეხვდება.

 "თურქული ნაკადი" პროექტ "სამხრეთის ნაკადის" შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ევროკავშირმა დაბლოკა.

 "თურქული ნაკადის" პროექტზე მუშაობა 2015 წლის ნოემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეწყდა.

 "გაზპრომში" აცხადებენ, რომ "თურქული ნაკადი" რუსული გაზის ევროპაში მიწოდების ერთადერთი მარშრუტი უნდა გახდეს, რაც უკრაინის გავლით ტრანზიტის რისკებს შეამცირებს.