საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საზღვაო ქვეითთა ძალების გადამდგარი გენერლის ჯეიმს მეტისის წარდგენას გეგმავს.
“ის საუკეთესია”, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ში პირველი ტურნეს ფარგლებში ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ვიზიტისას.
დონალდ ტრამპის თქმით, ჯეიმს მეტისის თავდაცვის მდივნად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ის ოფიციალურად 5 დეკემბერს გამოაცხადებს.
მეტისი ცნობილია ზედმეტსახელით “ცოფიანი ძაღლი". ის მრავალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მონაწილეა, მათ შორის ავღანეთისა და ერაყის.
66 წლის გენერალი ცნობილია თავისი პროვოკაციული განცხადებებით.
2005 წელს მან განაცხადა, რომ ავღანეთში ზოგიერთი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნა მხიარულებაა, რაც მისი მისამართით მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა.
გადამდგარი გენერალი უნდობლობით არის დამოკიდებული ირანისადმი. ის ასევე აკრიტიკებდა რუსეთს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.
ჯეიმს მეტისი აქტიურად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში.
მეტისმა აშშ-ის ცენტრალური სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელის თანამდებეობა 2013 წელს დატოვა. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის მდივანს აღნიშნულ პოსტზე დანიშვნამდე შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში პოსტი არ უნდა ეკავოს. პენტაგონის ხელმძღვანელად მეტისის დასანიშად, კონგრესს აღნიშნული შეზღუდვის გვერდის ავლა მოუწევს.