საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი.
10 რჩევა და რეკომენდაცია ეროვნულ ბანკს და მთავრობას
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ლარის კურსის მკვეთრ მერყეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება მოითხოვს სწრაფ, ოპერატიულ რეაგირებას. მთარობის მიერ შემოთავაზებული ლარიზაციის პროგრამა კონცეპტუალურად სწორია და ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში პრობლემის პრევენციაზე, მაგრამ იგი ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ლარის არასტაბილურობა ანგრევს მისდამი ნდობას და ლარიზაციის იდეას საფუძველშივე კლავს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მივმართავთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს შემდეგი რეკომენდაციებით:
1) გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი - მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ნაადრევად. ინფლაციის დაბალი დონის არგუმენტად გამოყენება თეორიულად სწორია, მაგრამ აცდენილია რეალობას. გარდა ამისა, არსებობს საგარეო რისკები ნავთობზე ფასის მატების, რისგან დასაცავადაც საჭიროა პრევენცია და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეს ნაბიჯი ლარის კურსზე დადებითად აისახება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეკონომიკურ ზრდას უმნიშვნელო ზიანი მიადგება, რადგან მაღალი დოლარიზაციის გამო, მონეტარული პოლიტიკის გადაცემის არხები მკვეთრად შეზღუდულია და მცირე გავლენა აქვს ეკონომიკაზე;
2) ეროვნულმა ბანკმა შეზღუდოს კომერციული ბანკების დაკრედიტება - ეროვნულმა ბანკმა მკვეთრად უნდა შეზღუდოს კომერციული ბანკების დაკრედიტება, მათ შორის, შეიზღუდოს რეფინანსირების სესხები. ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება სებ-ის მიმართ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბრამდე (როდესაც ლარის გაუფასურების პირველი ტალღა მოხდა) ეროვნულ ბანკს თავად ჰქონდა კომერციული ბანკების ვალი, ანუ ფული ამოღებული იყო ბანკებიდან, რაც კურსის სტაბილურობას ეხმარებოდა. 2014 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად იზრდება სებ-ის მიერ ბანკებისთვის ნასესხები ფული, რაც ხვდება ბაზარზე და ლარზე ქმნის წნეხს.
3) გამოცხადდეს მოკლევადიანი მორატორიუმი ფულის მასის ზრდაზე - წლის დასაწყისიდან დღემდე სარეზერვო ფული გაზრდილია 21%-ით, ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში ასევე 21%, ხოლო M2 აგრეგატი 16%-ით. დოლარის შემოდინების მცირედი გაუმჯობესების ფონზე, ეროვნული ვალუტის მასა გაიზარდა გაცილებით დიდი ტემპით და ნეგატიურად აისახა გაცვლით კურსზე;
4) რეფორმების დაანონსება მოხდეს უფრო ფრთხილად - მთავრობის დაანონსებული რეფორმები მნიშვნელოვანია, თუმცა მათი დაანონსება უნდა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და თანდათანობით, ბიზნესთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რათა არ მოხდეს არასწორი მოლოდინების ფორმირება. მაგალითად, საწვავზე აქციზის ზრდის დაანონსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კომპანიის საღად მოაზროვნე ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მთელი მის ხელთ არსებული რესურსით მოახდინოს მარაგების ფორმირება, რაც ზრდის დოლარზე მოთხოვნას, რადგან, მოგეხსენებათ საწვავის შესყიდვა უცხოურ ვალუტაში ხდება. ასევე, ე.წ. სესხების გალარების პროგრამა, ამ პროგრამის დაანონსება ბანკებს უჩენს ცდუნებას, რომ კურსის ცვლილებით დამატებით მოგება ნახონ იმ იმედით, რომ მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება სესხის გალარების დროს კურსის შემსუბუქებაში;
5) მოხდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება შემცირების მიმართულებით და მთავრობამ დაარეზერვოს ფული;
6) მოხდეს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის ფორსირება და აქცენტი გადატანილი იქნას უცხოელი ინვესტორების მოძიებაზე, რათა ქვეყანაში მოხდეს დოლარის ახალი მასის შემოდინება;
7) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გაიზარდოს წვდომა, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ბანკები ყიდულობდნენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს შემდეგი სურათი, ბანკები შეუზღუდავად ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდება, შემდეგ მათი დაგირავებით ეროვნული ბანკიდან იღებენ სესხს, რაც დამატებითი წნეხია ლარისთვის;
8) გადაიხედოს ლარის კურსის განსაზღვრის მექანიზმი - დღეს ლარის კურსი დგინდება მხოლოდ ბანკთაშორისი გარიგებების შედეგად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალურად საბანკო სექტორში მხოლოდ 2 მსხვილი ბანკია, ძალიან დიდია ბაზარზე არაფორმალური გავლენის მოხდენის ალბათობა. მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ლარის კურსის დადგენაში მონაწილე სუბიექტების წრე და მხოლოდ ბანკების გარდა, კურსის დადგენაში გაითვალისწინებოდეს მაგალითად მიკროსაფინანსოების, მსხვილი ექსპოერტიორების და იმპორტიორების, სხვა ორგანიზაციების გარიგებები;
9) მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უკვე დროა დაიწყონ ფიქრი დოლარის ნაცვლად ევროს როლის გაძლიერებაზე, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, რომ უფრო და უფრო აქტიური ხდება ევროპასთან ეკონომიკური კავშირები და შესაბამისად იზრდება ევროს მნიშვნელობა და მეორეც, ევროს მიმართ ლარის კურსის ტრენდი არის გაცილებით სტაბილური;
10) მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ან დაადასტურონ, ან უარყონ, მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეგავლენა, რადგან მსგავსი გავლენა აშკარად იგრძნობა. თუ ეს პოლიტიკა სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, მაშინ ახსნილი იქნას, რა დადებითი მომენტები ახლავს მათი რეკომენდაციის გათვალისწინებას.
მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯები დადებით და სწრაფ გავლენას მოახდენს ლარის კურსზე, რომელიც მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის წელიწადზე მეტია მთავარ პრობლემად იქცა. ასევე ვფიქრობთ, რომ კურსის სტაბილურობიდან აქცენტები გადატანილი იქნა სხვა ფაქტორებზე და დაუშვებლად მივიჩნევთ ლარის სტაბილურობის უგულებელყოფას იმ ფონზე, როდესაც ბოლო 2 წელია უწყვეტად 1 თვეც კი არ ყოფილა ლარი სტაბილური. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება სოციალური არასტაბილურობის წინაპირობაა, თუ ამ პროცესმა პანიკის ფორმა მიიღო და ვარდნად იქცა, მთავრობის მიერ დაანონსებული სწორი ნაბიჯები მნიშვნელობას დაკარგავს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“