საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ძირითადი საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალსახად დაადასტურა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.