საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის“, შპს „მარსის“ და შპს „მარსი 2014“-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი.