სამართალი
სააკაშვილი: მადლობა ყველას, ვინც არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება!

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.  "მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ." - მიხეილ სააკაშვილი  იმ თანაპარტიელებს, რომლებმაც მისი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება არ დაუშვეს, მადლობას უხდის.

 "ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.

 ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.

 ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

 ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.

 დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.

 ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.

 ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას , ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება .

 ერთად გავიმარჯვებთ!

 ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ჩატარდეს მრავალათასიანი ყრილობა, პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.