სამართალი
სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე თანამდებობებზე აღადგინეს

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცე-პოლკოვნიკების სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა.

 როგორც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული ბრალდება, რომ სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

 "მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიით გავრცელებული ფაქტების მონაწილე პირები: „ინფო-9“-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არცერთმა დაადასტურა მედიაში კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება.

 შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.