საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შესაძლოა დამხობასთან დაკავშირებით არასწორად იქნა გაგებული, -ინფორმაციას სააგენტო „რია "ნოვოსტი თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა, თუმცა არასწორად აღქმული იქნა. ვიმედოვნებთ, რომ გაუგებრობას სწრაფად დავძლევთ", - განაცხადა მან. მანამდე, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია არაბთა რესპუბლიკაში ბაშარ ასადის რეჟიმის დასრულების მიზნით დაიწყო.
"სირიის მიწები არ გვჭირდება... ჩვენ ვართ იქ, რათა სამართლიანობა აღდგეს და ბოლო მოეღოს ასადის რეჟიმის სისასტიკეს, რომელიც ტერორიზმს მხარს უჭერს", - განაცხადა ერდოღანმა.
აღნიშნულ საკითხს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადება ბაშარ ასადის დამხობის შესახებ სირიაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოსკოვის პოზიციას არ ემთხვევა და კრემლი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ანკარა განმარტებას გააკეთებს.