საზოგადოება
2016 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,5% შეადგინა - საქსტატი

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა - 1.3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.