უცხოეთი
შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები,  2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი – აღნიშნული თემების განსახილველად საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა  ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და  დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად დელეგაციის გამოგზავნისთვის.

პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი რეფორმების განხორციელების პროცესში  ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მხარეთა შეფასებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რათა წარმატებით დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული რეფომების, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მარტინ  შულცს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული თანადგომისთვის.