პუბლიკაციები
ახალგაზრდა ადვოკატები - ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ახალ პარლამენტს და მთავრობას, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩაქრებული წესით უზრუნველყოფის მიმართულებით, ქმედითი და დაჩაქარებული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს და აღნიშანვს, რომ ამ მიმართულებით, პოლიტიკური სისტემის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები კვლავ უფლებებში აღდგენას მოელიან.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, საზოგადოებრივი ნდობის მანდატის პირობებში, დაჩაქრებული გადაწყვეტილებებისთვის, სრული პოლიტიკური და სამართლებრივი შესაძლებლობა გააჩნია. ორგანიზაცია აღნიშანვს, რომ 2012-2016 წლებში, მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობაში. სახელმწიფოს პირველი პირების პოლიტიკური ნების მიუხედავად, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელოვნურად შეფერხდა. სამინისტრომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებლობა გაჩნდა, რომ დავები დაზარალებული და წართმეული ქონების ნამდვილი მესაკუთრეების სასარგებლოდ, მორიგებით დასრულებულიყო, არავითარი გადაწყვეტილებები არ მიიღო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჭიროა მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა სათანადო ყურადღება დაუთმოს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საქართველოს პროკურატურის მომდევნო გადაწყვეტილებებს და ამ მიმართულებით, გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებამ მიიღოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები.

 არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სამართლიანობის აღდგენის პროცესი და სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის საკანანმდებლო გარანტიების შექმნა, ხელისუფლების განსაკუთრებული გამოწვევაა. ამასთან, ორგანიზაცია გამოდის წინადადებით და საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, კანონმდებლობაში გაჩნდეს „სისტემური დანაშაულის“ რეგულაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი. სისტემური დანაშაულის ცნების განსაზღვრისთვის, პარლამენტს გააჩნია კონკრეტული საფუძვლებიც - 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მოქალაქეების არსებობა დაადასტურა, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მოსამართლეები, ყველანი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. იქედან გამომდინარე, რომ არ ჩანს 2004-2012 წლების სისტემური დანაშაულებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების აქტი, საკითხი მუდმივად იქნება პოლიტიკური დისკუსიის საგანი და სასამართლოებიც გააგრძელებენ შერჩევითი მართლმსაჯულების პრინციპებით გადაწყვეტილებების მიღებას.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მისასალმებელია, რომ სამთავრობო პროგრამაში მკაფიოდ აღინიშნა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კვლავად უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა, გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, კონსტიტუციის ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღეული უფლებები, თუმცა მოცემულ ეტაპზე, საჭიროა, როგორ პარლამენტმა, ასევე მთავრობამ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასეთი დაზარალებული მოქალაქეების კონკრეტულ საქმეებზე ხელშესახები გახადოს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამ მიმართულებით, კონკრეტულ მაგალითებსაც გამოყოფს - როლანდ ბლადაძის საქმე, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმე, ს.ს. „ინტელექტბანკის“ წართმევის და გაკოტრების საქმე და აღნიშნავს, რომ არც ერთ მათგანზე სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღია.