უცხოეთი
ერდოღანი: თურქეთის არმია სირიაში ბაშარ ასადის დასამხობად შევიდა

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი.  "თურქეთის არმია სირიის ტერიტორიაზე ტირანის, ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად შევიდა" - თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

 "ჩემი ინფორმაციით, სირიაში მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს პროცესი გრძელდება, იხოცებიან ქალები და ბავშვები. სად არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? რას აკეთებს? ერაყშია? ჩვენ დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ ბოლოს იძულებულები გავხდით "სირიის თავისუფალ არმიასთან" ერთად გვებრძოლა" - განაცხადა ერდოღანმა.

 თურქეთის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ "ისინი სირიის მიწებისთვის არ იბრძვიან და მიწა კანონიერ მფლობელებს ეკუთვნით".

 "ჩვენ იქ შევედით სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვიბრძვით დაუნდობელი ტირანის ბაშარ ასადის მმართველობის დასასრულებლად, რომელმაც ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი მოაწყო." - აცხადებს ერდოღანი.

 შეგახსენებთ, რომ თურქეთის არმია სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში შეიჭრა.