პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ეს ქედმაღლობაა! (პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა პარლამენტის სხდომაზე 26.11.2016)

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. “არასოდეს არცერთი ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა და ინტრიგების მეშვეობით!“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა კვირიკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს 26 ნოემბერს თავისი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტის მოწონების შემდეგ.

 იმას, რომ თქვენ გუშინ გამოიყენეთ სიტყვები - პოლიტიკური უტიფრობა თუ სხვა, მე მინდა, ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო - ეს არის ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის უმცირესობაში. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე - ამის მაგალითიც მოგეცით მე თქვენ. ვერცერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან. ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომლებსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა.

 მინდა, მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო წინ წასწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ, ვინაიდან ყველა ჩვენგანს, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა  საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია.

 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელ ჩვენს ქვეყანას!”