საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ბუთხუზმა და ზაალ კაპანაძემ მოინახულეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გიორგი მაისურაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს “უტარდებათ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. საჭიროების მიხედვით დაშავებულ სამხედროებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები და შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით სტაციონარში მოთავსდებიან“.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ მცხეთის შესასვლელთან მოხდა. შედეგად I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.