საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ და საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ, ასირიელი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და უკრაინელი ეროვნების სტუდენტებს უმასპინძლეს.
რიმა ბერაძემ სტუდენტებს საკრებულოს საქმიანობა გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია „მეგობრობის სახლის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაში უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
სტუდენტები საკრებულოში სტაჟირების დროს თვითმმართველობის ფუნქციებსა და საკრებულოს საქმიანობას შეისწავლიან, რაც მათ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.