პოლიტიკა
ნატოს გენმდივანმა მოუწოდა რუსეთს, მოდუნდეს და მიიღოს ის ფაქტი, რომ მეზობლებს შეუძლიათ, თვითონ აირჩიონ საკუთარი გზა

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოქსფორდის უნივერსიტეტში  სადისკუსიო კლუბ Oxford Union-ის ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსკოვს, რომელსაც ალიანსის გაფართოება პროვოკაციად მიაჩნია. მისი თქმით, ნატოს არ სურს ახალი "ცივი ომი" და ის ღიაა "რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისათვის".

 როგორც მან აღნიშნა, "რუსეთმა გვიჩვენა, რომ შეუძლია, მეზობლებს შეუტიოს". სტოლტენბერგის აზრით, ამგვარ შემთხვევებად შეიძლება მივიჩნიოთ 2008 წელს - საქართველოსთან, ხოლო 2014 წელს უკრაინასთან მომხდარი კონფლიქტი : "ნატო კი არ “აფართოებს" თავის საზღვრებს, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, უნგრეთმა - თვითონ გამოხატეს ალიანსთან მიერთების სურვილი".

 სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ არც რუსეთს, არც სხვა ქვეყნებს უფლება არა აქვთ, მეზობელი სახელმწიფოების ბედი გადაწყვიტონ. "უმჯობესია, რუსეთი მოდუნდეს და მიიღოს ის ფაქტი, რომ მის მეზობლებს შეუძლიათ, თვითონ აირჩიონ საკუთარი გზა", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 "ალიანსის აგრესიული ქმედებების და "თავის ორბიტაში ახალი ქვეყნების ჩათრევის" მცდელობის პასუხად რუსეთი თავის ბირთვულ იარაღს დაუმიზნებს ნატოს ნებისმიერ ობიექტს, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი", - განუცხადა გასულ კვირას ჟურნალისტებს ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა.