საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ირაკლი აბესაძეს - 8 დეპუტატმა (მათ შორის დეპუტატების ნაწილმა “ქართული ოცნებიდან“). რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად 9 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებობს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციის კვოტები გადანაწილებულია.
მისი თქმით, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰყავდეს, სამში კი „პატრიოტთა ალიანსს“.
„ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსს“ სამივე კვოტა ათვისებული აქვს, სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“, - განაცხადა სესიაშვილმა, რასაც მკვეთრად შეეწინააღმდეგა ემზარ კვიციანი: „არავითარი შეთანხმების შესახებ არ ვიცი, სამაგიეროდ, ვიცი, რომ დემოკრატია არჩევანის თავისუფლებაა!“.