საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7% იქნება, ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი - 5,2%.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი 22 ნოემბერს დაასრულეს, რის შემდეგაც ფონდის მისიამ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა.
“შენელებული გლობალური ზრდის კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა და განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2%-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ინვესტიციების მხარდაჭერით, 4%-მდე გაიზრდება, ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი”, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან საშუალოვადიანი გეგმები განიხილა, მათ შორის მომავალი საბიუჯეტო გეგმა და სტრუქტურული რეფორმები.