პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 "2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით  დადებული .. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში .

 საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 

 საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად.