საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფეისბუქის მომხმარებლებს აფრთხილებს

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი. თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის, რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში.

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საიტი შეძლებს, გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში ("ხვალ შეგიყვარებ, დღეს არ მცალია", "ყველაზე ლამაზები", "როგორ ვიშოვოთ ფული 5 წუთში" და ა.შ.), გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით.

 “დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება, ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში.

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, ყურადღებით იყოთ და არ მისცეთ საეჭვო გვერდებსა და აპლიკაციებს იმის უფლება, რომ მოიპოვონ წვდომა თქვენს ანგარიშზე, e-mail-ზე, ინბოქსზე, დაპოსტონ თქვენს ნაცვლად და დაგაზარალონ თქვენ და თქვენი მეგობრები", - ნათქვამია განცხადებაში.