სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, ვეტერინარი დააკავა.

 ბრალდებულმა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს - პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება - შესრულებისას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება.

 გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. “თურქულზე”და დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე.