საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა.
შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო.
„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
ბელარუსი ჟურნალისტები შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსაც ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.