პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს აშშ-ში გამგზავრების წინ მადლობა გადაუხადა

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა აშშ-ში ელჩის პოზიციაზე.

 “მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო დავით ბაქრაძეს გაწეული ძალიან ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობისათვის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინაცია გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით მომზადდა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების 2017-2020 წლის დღის წესრიგი. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.