საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც თბილისის საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს (საბჭოს ხელმძღვანელი - რიტა ხიდირბეგიშვილი) ორგანიზებით გაიმართა.

 ღონისძიება ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გახსნა და  ქართველი ერის ტოლერანტობაზე,  ქართველებსა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შორის თანაცხოვრებაზე ისაუბრა.

 დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და მოწვეულ სტუმრებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მხატვრების მიერ თბილისურ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

 ღონისძიების დასასრულს ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხუთი დიასპორის უხუცესი წარმომადგენლები თბილისის საკრებულომ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

 ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიისა და ეთნიკური უმცირესობების ლიდერები, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწენი, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.