საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიმართავდნენ კითხვებით, რომლებიც, ძირითადად, მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში გარკვეულ საკითხებზე სამოქმედო გეგმებს შეეხებოდა.
„რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, დავადასტურებ ჩემს მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური იმ საქმიანობაში, რასაც ჰქვია ჩემი საპარლამენტო საქმიანობა“, - აღნიშნა კობახიძემ.
“რუსთავი 2”-თან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ ეს კონკრეტული დავა სასამართლოს გადასაწყვეტია.
"ჩვენს კომპეტენციაში შედის საქართველოში მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა და როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენი ამოცანა სწორედ ასეთი დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იგი სრულ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე წინასაარჩევნო პერიოდში.
„ძალიან მიხარია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დიდი ნაწილიც კი, ფაქტობრივად, ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს თქვენი ყოფილი ლიდერი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. თითოეულ განცხადებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ეს იყო ფაქტი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციების წყაროებიც არაერთხელ დავაკონკრეტეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.