პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში 5 საპარლამენტო ფრაქცია დარეგისტრირდა

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს დროებითმა სამანდატო კომისიამ იმსჯელა იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც ფრაქციათა უმრავლესობისა და უმცირესობის შედგენის მიზნით იქნა წარდგენილი.

 წარდგენილი დოკუმენტაციების შედეგად  შეიქმნა ფრაქცია “ქართული ოცნება”, რომელშიც გაწევრიანებულია 110 წევრი. ფრაქციის თავმჯდომარეა მამუკა მდინარაძე,  ხოლო მდივანი - ნინო წილოსანი.

 ასევე შეიქმნა ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველები”, რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი, ფრაქციის თავმჯდომარეა სიმონ ნოზაძე.

 პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერი გახდა არჩილ თალაკვაძე.

 დარეგისტრირდა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის შემადგენლობაში არის პარლამენტის 20 წევრი. ფრაქციას თავმჯდომარეობს ნიკა მელია. იმავდროულად დარეგისტრირდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის”, რომლის თავმჯდომარეც ელენე ხოშტარია გახდა.

 პარლამენტში ასევე დარეგისტრირდა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები”, რომელიც შედგება 6 წევრისგან და მისი თავმჯდომარეა გიორგი ლომია.