საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ დონალდ ტრამპს “საიმედო პარტნიორი” უწოდა. ამის შესახებ აბემ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა. იაპონიის პრემიერი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან შესაძლებელი იქნება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება. აბეს თქმით, შეხვედრა ტრამპ-თაუერში თბილ და სანდო გარემოში გაიმართა.
იაპონიის პრემიერ-მინიისტრი სინძო აბე პირველი მსოფლიო ლიდერი გახდა, ვინც აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპს შეხვდა.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას ინიციატივას იაპონიასთან და ათ სხვა აზიურ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
რაც შეეხება იაპონიის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ აღტაცებულია სინძო აბეთი, თუმცა აზიაში აშშ-ის მთავარ მოკავშირე ქვეყნებს ხშირად აკრიტიკებდა.