მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
მისივე თქმით, პარლამენტს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ ორგანოს, ქვეყნის წინსვლისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია.
„პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს”, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ყველა ამ ამოცანის შესრულებაში პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
„საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის „წითელი ხაზების“ უმკაცრესი დაცვა. ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადი განვითარება. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სამართლის უზენაესობა და დემოკრატია არის ის ღირებულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელისუფლების ყოველი მოქმედება. ამ პრინციპების დაცვის საქმეში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე აცხადებს, გასული ოთხი წლის მანძილზე, საქართველომ განიცადა განსაკუთრებული წინსვლა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
„აუცილებელია, ამ მიღწევის კიდევ უფრო გამყარება და ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტის პერმანენტული ამაღლება, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტს, როგორც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების იმგვარი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს- პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. მხოლოდ ამგვარი ურთიერდამოკიდებულების პირობებში შეძლებს თითოეული კონსტიტუციური ორგანო, და, რაც მთავარია, მთლიანად სახელისუფლებო სისტემა, ჯეროვან და ეფექტიან ფუნქციონირებას ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ”, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა, ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა და საქართველოს პარლამენტმა უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი ფორმატი, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის ფართო ჩართულობისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე მოგვცემს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას.
„დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი. ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება. პოლიტიკური პარტიების მიერ გამოვლენილი სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მათი დასავლური სტანდარტებით მოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის პროცესს”, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძე აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მისი უმთავრესი ამოცანა იქნება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას.
„ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომი განვითარებისთვის, განუხრელად დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ”, - აღნიშნა კობახიძემ.