პოლიტიკა
სააკაშვილმა შეიტყო პოროშენკოს გეგმების შესახებ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. როგორც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.

 "ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოსა და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი", -  წერს მიხეილ სააკაშვილი.

 სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

 "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ ბანდიტი თაღლითების მომსახურეობით, არამედ მათ რჩევებსაც უსმენს", - აღნიშნავს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.