პოლიტიკა
ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას ქართველი ოფიცრები უძღვებიან

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი.  ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს. მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

 „ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

 საქართველოში მრავალეროვანი სწავლების  ჩატარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 ერთობლივი სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სწავლებაში ნატოს 11 მოკავშირე და 2 პარტნიორი ქვეყანაა ჩართული - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგიის სამეფო, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და მაკედონია.