საზოგადოება
ჭყოიძე: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი

   საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. იხილეთ Sputnik-ის ვიდეოზე, რას ამბობს პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო ლიდერი არჩილ ჭყოიძე თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში.

 არჩილ ჭყოიძეს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპის არჩევით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ და როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელმძღვანელობას პირდაპირი დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდებს. “უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში რამე შეიცვლება. როგორც ამერიკული ელიტა გადაწყვეტს, საქართველოსა და აშშ-ის ახალი ურთიერთობაც ისე განვითარდება. ვფიქრობ, ეს, ცხადია, საქართველოსი კი არა, შეერთებული შტატების ინტერესებში იქნება. რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობას, ვფიქრობ, მათი მოგვარებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ აშშ-ში - კლინტონს თუ ტრამპს ან სხვა პრეზიდენტს. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ. „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში აშშ ყოველთვის თავის ინტერესებს გაატარებს.