საზოგადოება
მარგველაშვილი უგულავას არ შეიწყალებს – ეკა მიშველაძე

   საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოველკვირეული პრესკონფერენცია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულებები რამდენიმე ძირითად საკითხზე მედიას და საზოგადოებას პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო.

 ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას.

 ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს გიგი უგულავას შეწყალებას. პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსჯავრდებულებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

 საქართველოს პრეზიდენტი გოგონების წინადაცვეთის ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება და მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს, პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საქმე, ზედმიწევნით გამოიძიონ და დამნაშავეები უმკაცრესად დასაჯონ.

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გაკეთდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებითაც. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ურთიერთობა ემსახურება იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდეს რუსული ჯარების ლეგალიზება. პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი ფაქტი საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, იზიარებს.

 მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ რეკომენდაციების გაანალიზება უნდა მოხდეს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ის უნდა შეიცვალოს.