სამართალი
შსს-მ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი .. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. 
 სამართალდამცველებმა გ.თ-ს, შემოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა. ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

 პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „ბაიკალის“ სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.