რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკამ ტრამპი აირჩია, საქართველომ - ივანიშვილი, იმიტომ, რომ ისინი რუსეთთან მეგობრობას გვპირდებიან!

   „ამიერიდან კელიმ და ტორნტონმა უნდა გვაპატიონ - თავის “კელიაში ტორტის ნაჭრებს" ქართველი ხალხისაგან ვეღარ მიიღებენ!

 გასული კვირის მთავარი მოვლენის - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ჯერ გამარჯვების დაფდაფები, ისტერიული შეძახილები, სოროს - მიტინგები და მსგავსი ტრამპა-ცუმპა არ მიჩუმებულიყო, რომ ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავის დამარცხებაში დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი დაადანაშაულა. როგორც თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ინვესტორებთან კონფერენც-ქოლის მიმდინარეობისას კლინტონმა განაცხადა, "იმის გამო წააგო, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კომიმ გადაწყვიტა, კონგრესისთვის გაეგზავნა წერილი შეტყობინებით, რომ უნდა განაახლოს გამოძიება სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მის მიმოწერასთან დაკავშირებით. ერთი კვირის შემდეგ კომიმ განაცხადა, რომ ელექტრონული წერილები შემოწმდა და პრეზიდენტობის კანდიდატის დევნის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ზიანი უკვე მიყენებული იყო - დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორის წერილმა კონგრესისადმი კლინტონის კამპანიის იმპულსი გაანადგურა და ტრამპის მოტივაცია გაზარდა".

 ამგვარად, ჰილარი კლინტონმა მთლიანად დაადასტურა ჩემი ვერსია, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე გამოვთქვი - 2016 წლის 9 ნოემბრის დილას, პუბლიკაციაში "გამარჯვების დღე" (ციტატა):

 “არჩევნების წინ ფედერალური ბიუროს მიერ ჰილარის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ერთ კვირაში “უცებშეწყდა და ბოლო დღეების განმავლობაში კლინტონი და ტრამპი ერთმანეთს აღარ ლანძღავდნენ! ამისი ახსნა შეიძლებოდა, ერთადერთი ყოფილიყო - ჭირვეული კლინტონი გააფრთხილეს, რომ შემდგომი დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება და აშშ-ის ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, მის წინააღმდეგ სპეცსამსახურების ხელთ არსებული უზარმაზარი კომპრომატი ამოქმედდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰილარიმ თავის კანონმორჩილებაში დაარწმუნა - პირობა დადო, რომ არჩევნებში მოსალოდნელ წაგებას შეეგუებოდა და პუტინის რუსეთის ყოველგვარ ზღვარს გადასულ ცილისწამებას შეწყვეტდა - ეს საქმეები მაშინვე დაიხურა.

 ჩემს ამავე პუბლიკაციაში ჩამოთვლილია, რომელი ნიშნების მიხედვით ჰგავს წყლის ორი წვეთივით აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები  საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს (ციტატა):

 “2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკაში იგივე მოხდა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს - საქართველოში: ბიზნესმენმა - მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გარყვნილი და არაადეკვატური ჰილარი კლინტონი დაამარცხა, როგორც 4 წლის წინ ბიზნესმენმა - მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა გარყვნილი და არაადეკვატური მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების მიერ ამოქმედებული ადმინისტრაციული რესურსის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის (ბარაკ ობამას აშშ-ში და მიხეილ სააკაშვილის - საქართველოში) უხეში აგიტაციის და ესტრადის ვარსკვლავების მხარდაჭერის მიუხედავად”.

 თუმცა, კლინტონის ზემოთ აღნიშნული განცხადების შემდეგ კიდევ ერთი მსგავსების დამატება შეიძლება: სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის გახსნილი ელექტრონული მიმოწერა გარდატეხის მომენტი გახდა მის ბრძოლაში მილიარდერ დონალდ ტრამპთან - ზუსტად ისევე, როგორც 2012 წელს გახსნილი საიდუმლო ვიდეოკადრები წამების შესახებ იქცა გარდატეხის მომენტად პრეზიდენტ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის ბრძოლაში.

 ამერიკელი ხალხი ისევე დაიღალა კლინტონების უცნაური ოჯახის ხანგრძლივი მმართველობისაგან, რომელთა მარიონეტი აღმოჩნდა პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც ქართველი ხალხი დაიღალა მარიონეტი სააკაშვილის მმართველობისაგან, მისი უცნაური ოჯახისაგან, საყვარლების და ფავორიტებისაგან. დაიღალა მალულობისაგან, როცა ხალხების ბედი მათ ზურგსუკან წყდებოდა და შედეგად მათ უაზრო ომები ხვდებოდათ წილად, მმართველებს კი - ტკბილი ტორტის ნაჭრები"! ამიერიდან კელიმ და ტორნტონმა უნდა გვაპატიონ - თავის “კელიაში ტორტის ნაჭრებს" ქართველი ხალხისაგან ვეღარ მიიღებენ! აშშ-ის ელჩი იან კელი და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ღიად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონის კანდიდატურას და 9 ნოემბერს ქართულ პოლიტ-პანოპტიკუმთან (უელექტორატო პოლიტიკოსებთან, უთავმოყვარეო არასამთავრობოებთან და უჭკუო ექსპერტებთან) ერთად სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ თბილისის ცენტრში ეზეიმათ ჰილარის გამარჯვება და ამ შემთხვევისთვის შეკვეთილი ტორტი შეესანსლათ ზედ გამოსახული ასო “H”-თი! მაგრამ მათი "სოცგამოკითხვები" და ეგზიტპოლები აშშ-ში ისევე ცრუ აღმოჩნდა, როგორც საქართველოში, სადაც მათი შედეგების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" და მიშა სააკაშვილს უნდა გაემარჯვათ, აშშ-ში კი - მის პოლიტიკურ "დედილოს" ჰილარი კლინტონს და "დემოკრატებს".

 არგამართლებული წინასწარი პროგნოზები - აი, კიდევ ერთი ნიშანი, რომლის მიხედვით აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო და საქართვე;ლოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, ეს მსგავსებაც არ გახლავთ უკანასკნელი: ამერიკელმა ხალხმა ტრამპი აირჩია, ქართველმა ხალხმა კი - ივანიშვილი იმიტომ, რომ თავის ხალხს ორივე მშვიდობას და რუსეთთან მეგობრობას დაჰპირდა, და არა ომს ნატოს შემადგენლობაში!

 უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, როგორ შეასრულებენ ისინი თავიანთ დაპირებებს, მაგრამ ტრამპსაც და ივანიშვილსაც, უდავოდ, ესმით, რომ აშშ-სა და საქართველოში არჩევნების შედეგები საუკეთესო, ერთადერთი მართალი სოცგამოკითხვა, ნამდვილი საერთო-სახალხო რეფერენდუმია!

 P.S. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მაიკლ მაკფოლი შეიყვანეს პირთა სიაში, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათმოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობისათვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების გამო“.

 ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის ქვეყანაში ჩამოსვლის აკრძალვის პრაქტიკა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას  დიდი ხანია შემოღებული უნდა ჰქონოდა. თბილისსა და მოსკოვს შორის მიზანმიმართულად დანგრეული ურთიერთობის გამო საქართველოში ჩამოსვლა უნდა აეკრძალოთ არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების,  ევროკავშირისა და აშშ-ის ზოგიერთ ყოფილ ელჩს საქართველოში (სააკაშვილის კორუმპირებულ ლობისტებს!), არამედ სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტის, ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის - პირველ რიგში IRI-ის, NDI-ის და სოროსის ფონდის ფილიალების თბილისის ოფისების ხელმძღვანელებს, რომლებიც სახელმწიფოში დე ფაქტო ალტერნატიულ ხელისუფლებას წარმოადგენენ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 17 ნოემბერი
საქართველო, თბილისი