პოლიტიკა
დიდი იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება! – მარინა შიჩკინა

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით რუსი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. ვიზიტის დროს გაიმართა რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრა. რუსი ბიზნესმენების განცხადებით, ისინი დაინტერესებულები არიან სოფლის მეურნეობით, ასევე სატრანსპორტო და ჯანდაცვის სფეროებით. რუსული კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი იმედს გამოთქვამდა, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც შეძლებდნენ.

 "საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ვიმყოფებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, რადგან წლების სიყვარული და რუსეთ-საქართველოს შორის დიდი ხნის ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა, ბიზნესის სრულფასოვანი კეთებისთვის ოფიციალური ურთიერთობები არ გვყოფნის. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გაღრმავდება და გაგრძელდება" - განაცხადა რუსეთის ინოვაციური განვითარების ასოციაციის დირექტორმა მარინა შიჩკინამ რუსეთ–საქართველოს ბიზნესფორუმის დასრულების შემდგომ.