პოლიტიკა
გიორგი თავდგირიძე: „სამხედროების დაღუპვის გამო ხელისუფლებას პასუხი მინისტრ ახალაიასთვის უნდა მოეთხოვა“

tavdgiridzeროგორც სამხედრო ექსპერტი საქინფორმთან საუბარში აცხადებს, გარდა იმისა, რომ თავად თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს ზაზა გოგავას საკუთარ თავზე მეტი მორალური პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ, პარლამენტს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოშიც უნდა დაებარებინა და მომხდართან დაკავშირებით მისგან განმარტებები მიეღო, რადგან თავდგირიძე თვლის, რომ „განსაკუთრებით მსგავს რეზონანსულ შემთხვევებში პასუხი იმას უნდა მოსთხოვო, ვისაც ეს სფერო ჩააბარე“.

„ვფიქრობ, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, ნებისმიერი აიღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, თუმცა ვერავის აიძულებ, იყოს მორალური. მართალია, ის პირები, რომლებიც დააკავეს, ზოგადად პასუხისმგებლები იყვნენ მომხდარზე, თუმცა იურიდიული ბრალეულობისთვის გამოძიების დეტალების ცოდნაა საჭირო, რომელიც, სამწუხაროდ, დახურულია. ძალიან ბევრი შეკითხვა ისმის ამ ფაქტის ირგვლივ, მათ შორის, ვინ იყო ამ კონკრეტული ვარჯიშების უშუალო ხელმძღვანელი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რატომ ჩატარდა წვრთნები წლის დასაწყისში, რა მოხდა გუშინ კონკრეტულად და ა.შ., რაც საბოლოო ჯამში ცუდი ტენდენციის მაჩვენებელია“, – განაცხადა თავდგირიძემ.

მისი თქმით, „მსგავს სიტუაციაში მორალური პასუხისმგებლობა, წესით, საკმაოდ მაღალ რანგში დგას და გუშინ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როგორც მინიმუმ, ბევრ ოფიცერს გადადგომის შესახებ განცხადება უნდა დაეწერა“.

ამასთან, ექსპერტი საზოგადოების როლზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მომხდართან დაკავშირებით მან მინისტრ ახალაიას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, ვიდრე ეს თავად იტვირთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს აფეთქება მოხდა. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13.

მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.