საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პრესსამსახურმა 14 ნოემბერს გვაცნობა, პუტინმა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან „თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით“ პარტნიორული ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა „მეტისმეტად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია“ და სურვილი გამოთქვეს ერთობლივად, აქტიურად იმუშაონ მისი ნორმალიზაციისათვის და „საკითხთა ფართო წრის გადასაყვანად კონსტრუქციული ურთიერთქმედების კალაპოტში“, კერძოდ, „ორმხრივი ურთიერთობისათვის საიმედო საფუძვლის შესაქმნელად სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტის განვითარების გზით“.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება „ნომერ პირველ საერთო მტერთან - საერთაშორისო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან“ ბრძოლაში. „ამასთან დაკავშირებით იმსჯელეს სირიაში კრიზისის დარეგულირების საკითხებზეც“, - დააზუსტეს კრემლში.
პუტინმა და ტრამპმა მოილაპარაკეს, რომ განაგრძონ სატელეფონო კონტაქტი და პერსპექტივაში პირადადაც შეხვდნენ.
12 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ტელეფონით საუბარს პუტინთან, რომლისგანაც „შესანიშნავი მისალოცი წერილი მიიღო“.