საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის უკვე ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში ახალ ბრძოლას იწყებს. სააკაშვილის ახალი გუნდი ძირითადად ახალგაზრდა თაობას მოიცავს, გუნდის მიზანია, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემდეგ კი არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს და საპარლამენტო უმრავლესობა მიიღოს.
კიევში ცენტრალურ შტაბში სამომავლო გეგმებს სახავენ და ახორციელებენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის გუნდში არ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე წელი მაინც იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში და რამდენჯერმე პარლამენტში.
„უკრაინის მომავალი არის ახალგაზრდებში. ჩემთან სულ ახალგაზრდობა მოდის. 2001 წელს მაგონებს ეს ყველაფერი. სანამ ახალგაზრდობას ვიზიდავ ესე იგი მეც მაქვს აქ პოლიტიკური მომავალი,“ - აცხადებს სააკაშვილი.
გუნდის მთავარი დაპირება მოსახლეობისადმი უკრაინის კორუფციისგან განთავისუფლებაა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს სწორი ლოზუნგია და სააკაშვილს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს ქვეყანაში.
უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტში (რადაში) ვერ მოხვდება, თუმცა თავადაც ამბობს, რომ ეს მისი სურვილი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ მოვა მთავრობაში, თუმცა რა თანამდებობაზე ჯერ არ იცის „ამას გადავწყვეტ მე და ხალხი“ ამბობს პოსტსკრიპტუმთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინაში სააკაშვილის ბრძოლა უკვე შეაფასეს როგორც "წასვლა დაბრუნებისთვის." პოლიტოლოგები სამ ვერსიაზე მუშაობენ: ერთის თანახმად სააკაშვილის ოპოზიციაში წასვლა უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრე პოროშენკოსთან იყო შეთანხმებული, მეორე ვერსიის თანახმად კი სააკაშვილი იულია ტიმოშენკოსთან არის გაერთიანებული, მესამე ვერსიით სააკაშვილი დამოუკიდებელი მესამე ძალაა.
უკრაინის პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატები, რომლებიც პოროშენკოს გუნდს წარმოადგენენ ამბობენ, რომ „ეს არის ერთი კაცის შოუ, სააკაშვილი ერთი მსახიობის თეატრის მოთამაშეა.“
ნაწილს კი მიაჩნია, რომ „პეტრე პოროშენკო აგრძელებს ვიქტორ იანუკოვიჩის კორუფციულ ტრადიციებს. მიხეილ სააკაშვილი ბევრს მიაღწევს უკრაინაში თავის პოლიტიკურ კარიერაში, რადგან ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი.“
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით უკრაინაში სახელისუფლებო პარტიას რეკორდულად დაბალი რეიტინგი აქვს. იულია ტიმოშენკოს პარტია კი პარტიებს შორის ლიდერია დაახლოებით 15% ლიდერობს. ამომრჩევლების უმრავლესობას კი გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცეს ხმა. უკრაინაში ფიქრობენ, რომ თუ ახალი პოლიტიკური ძალა მოსახლეობის იმედებს გაამართლებს, შესაძლოა გამარჯვება სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ მოიპოვოს.