საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ გალის რაიონში 2012 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირი თვითმკვლელობის შედეგად არის გარდაცვლილი, ხოლო ცხედარი სოხუმშია დასაფლავებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ოჯახის ჩართულობით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 24 იანვარს გაიმართება.