საზოგადოება
აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი: ქვეყანა ანარქიის ზღვარზეა!

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა, რომლის იქით ქვეყანამ, შესაძლოა, სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, განაცხადა აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ 10 ნოემბერს, ქვეყნის საზოგადოებრიობასთან გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც რაულ ხაჯიმბას ინიციატივით იყო ორგანიზებული.

 "ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს გადაუწყვეტელი დავები. არის მოქალაქეთა დაუკმაყოფილებლობა მიმდინარე ცხოვრებით. მაგრამ ვინმეს ახსოვს ოპოზიციის წინადადებები საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათი წინადადებები რეფორმებისა და განვითარების პროგრამების შესახებ? ისინი მიმდინარე ამოცანებით თავს არ იტვირთავენ. ჩვენ თვითონ არ გვაკმაყოფილებს საქმეების მიმდინარე მდგომარეობა. შევეცადეთ საკანონმდებლო ხელისუფლების რეფორმირებას. პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა 35-დან 45 კაცამდე დეპუტატების რიცხვის გაზრდის წინადადებით არჩევნების პროპორციული სისტემით. მაგრამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პირველებმა დაბლოკეს ეს კანონპროექტი, რამაც ხელი შეუწყო პოლიტიკური პარტიების წონის გაზრდას. უკვე დიდი ხანია, დაბეჭდილია ბინადრობის ნებართვის ახალი ბლანკები, მაგრამ მათ გალის რაიონის მცხოვრებთ ვერ ვურიგებთ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ეს დოკუმენტი, რადგან პარლამენტი მეტისმეტად აჭიანურებს კანონის მიღებას. ჩვენ გარდამავალ დროში ვცხოვრობთ, სადაც მიმდინარე 5 წლის განმავლობაში ახალი პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ელიტის ფორმირების ამოცანა დგას, რომელიც არ იქნება დაყოფილი "თავისიანებად" და "უცხოებად". აქ არ არის რეტროსპექტივის ადგილი უკან, წარსულში დაბრუნებით.

 ადამიანებს არცერთი ოპოზიციონერის არ სჯერათ, და საერთოდ, არავისი აღარ სჯერათ. როგორ უნდა დავიიმედოთ თავი, რომ ხაჯიმბა წავა ან რომ მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური ელიტის ნაწილი “ჩაუშვებს”? აზრი არა აქვს სასურველის სინამდვილედ გასაღებას. ხაჯიმბა არსად წავა! უფრო მეტიც, პრეზიდენტი შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ხაჯიმბა - ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ 2019 წლამდე ქვეყანა ქაოსისაგან შევაკავოთ", - მიაჩნია გაბნიას.

 ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა: "მოდით, დავაფასოთ ის, რაც გვაქვს. პოლიტიკური თავისუფლების დონეს აფხაზეთში ევროპის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ჩვენ ანარქიის ზღვარზე ვართ. ნუ გადააბიჯებთ მას! სხვაგვარად რა აზრი ჰქონდა იმას, რომ ამდენმა ახალგაზრდამ თავი გასწირა ქვეყნისათვის, რომელსაც შიდა შუღლის გამო დავკარგავთ. პარლამენტის არჩევნებამდე სულ ოთხი თვე დარჩა. ჰოდა, იქ გადააჯვარედინეთ მახვილები, ბატონებო, და ხალხის აზრსა და არჩევანზე დაყრდნობით დაამტკიცეთ თქვენი ქმედუნარიანობა. სხვა ალტერნატივა არა გვაქვს!"