საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ზურაბ აბაშიძემ  რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს განცხადებაზე.

 „ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლისათვის გამონაკლისი  ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული განცხადების იმ ნაწილს, რომ საქართველოში მოგზაურობისას რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ კუთხით“, - აღნიშნა აბაშიძემ.

 რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

 “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა "როსტურიზმს"გაფრთხილებით რისკების შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებულია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები და ურჩია ამ ინფორმაციის ტურისტული ბიზნესისა და ტურისტებისთვის მიწოდება”, - განაცხადა "როსტურიზმის" ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევამ.

 საქართველოში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი მოქმედებს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული უცხოელებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს.