საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ მთავრობა ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ოპოზიციური პოლიტიკური კარიერა დაიწყოს. პოროშენკოს განცხადებით, სააკაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მარცხის შემდეგ მიიღო. "ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ მოედანზე, ვიმედოვნებ, ხვალ მთავრობა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გადადგომის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს”, - განაცხადა პოროშენკომ.
მან დასძინა, რომ უკრაინაში ის ქართველი პოლიტიკოსები გააგრძელებენ მუშაობას, რომლებიც რეფორმების გატარებისთვის მოიწვიეს. მათ შორის მან დაასახელა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე და ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი ლიდერი გიზო უგლავა.
“ზოგიერთი მათგანი მთავრობაში წარმატებულ მუშაობას აგრძელებს, მაგალითად, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში გიზო უგლავა და მრავალი სხვა. ზოგიერთმა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა, საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.