საზოგადოება
საქართველოში მცხოვრებ ასობით ავარ გოგონას წინადაცვეთას აიძულებენ, ირწმუნებიან IWRP–ში

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი.  როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWRP) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, წინადაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინადაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში  - თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოს მთავრობაში მათ განუცხადეს, რომ  ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასამთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.

საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყვარლის რაიონში დაახლოებით 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.